ვნახავთ ყველგან – ქალაქში განთავსებულ ბილბორდებზე, ტელეეთერში ნებისმიერი არხის ყურებისას. სავსეა ინტერნეტ სივრცეც. კაზინოებისა და ტოტალიზატორების რეკლამაა განთავსებული ახალი ამბებისა თუ გასართობი კონტენტის საიტებზე. რა თქმა უნდა, უკონტროლოა სარეკლამო ეს-ემ-ესბიც, რომლებიც თითოეულ ჩვენგანს ყოველდღიურად, ზოგჯერ დღეში რამდენიმეჯერაც კი, სხავდასხვა აქციას, უფასო მოგებასა თუ ჯეკპოტებს გვთავაზობს.
დღეისთვის აზარტულ თამაშებზე ირიბი წვდომა აქვთ მოზარდებსა და არასრულწლოვნებსაც. ინტერნეტში ყველაზე პოპულარული ფილმების საიტები ონლაინ კაზინოთა რეკლამებითაა სავსე. მოზარდებს რეკლამების ნახვა უწევთ მაშინაც, როცა ანიმაციის ნახვას გადაწყვეტენ. ასეთ დროს ვიდრე მულტფილმი ჩაირთვება, მათ მხოლოდ ერთი დაქლიქება აშორებთ აზარტული თამაშების საიტზე მოხვედრას.
აზარტული თამაშების რეკლამის რეგულირების საჭიროებაზე დიდი ხანია საზოგადოებაში მიმდინარეობს მსჯელობა. არაერთი სამოქალაქო და საპარლამენტო ინიციატივა გვინახავს, რომელიც სწორედ რეკლამასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირებას ითვალისწინებდა. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივა პარლამენტარ ლევან გოგიჩაიშვილს ეკუთვნის.
ლევან გოგიჩიაშვილის ინიციატივა და უმრავლესობის უარი
2018 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომლის მიღების შემთხვევაშიც რეკლამის შესახებ კანონით დარეგულირდებოდა აზარტული თამაშების რეკლამირება.
ინიციატორები იმ დროისთვის ჯერ კიდევ „ქართული ოცნების“ წევრი ლევან გოგიჩაიშვილი და სხვა 6 თანაგუნდელი იყვნენ. როგორც კანონმდებლები პარლამენტისთვის გაგზავნილ განმარტებით ბარათში მიუთითებდნენ, კანონპროექტის მომზადების მიზეზი აზარტული თამაშებით განპირობებული მძიმე სოციალური ფონი იყო. მათი აზრით, საქართველოში თამაშდამოკიდებულების დონე საგანგაშოა, რეგულაციების შემოღებას კი ლუდომანიის ზრდის რისკები უნდა შეემცირებინა.
კანონპროექტის მიხედვით, უნდა აკრძალულიყო აზარტული ან მომგებიანი თამაშების რეკლამა რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, კულტურისა და სპორტის ორგანიზაციებში, გარდა სპორტულ ეკიპირებაზე გამოსახვისა. გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, ჩამოთვლილი დაწესებულებებიდან 200 მეტრის რადიუსშიც დაუშვებელი ხდებოდა გარე რეკლამა.
ინიციატივა ასევე კრძალავდა აზარტული ან მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელებას ტელევიზიის, რადიოს, ინტერნეტის, ბეჭდური მედიის და კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით. დაშვებული რჩებოდა მხოლოდ სპორტული პროგრამის და რეპორტაჟის სპონსორობა. ამ შემთხვევაშიც მისაღები იყო მხოლოდ აზარტული ან მომგებიანი თამაშების ბრენდის დასახელება და ლოგოს გავრცელება.
თითქმის ნახევარწლიანი განხილვების შემდეგ საქართველოს პარლამენტმა რეკლამის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები პირველივე მოსმენისას ჩააგდო. ამ დროს ლევან გოგიჩაიშვილი „ოცნების“ წევრი უკვე აღარ იყო. მასსა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის კამათი გაიმართა სხდომაზე, სადაც უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გუნდის პოზიცია წინასწარ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ პარლამენტი კანონპროექტის სულისკვეთებას იზიარებდა, თუმცა ამ რედაქციით მხარს არ დაუჭერდა. მათთვის მიუღებელი იყო „აკრძალვა“, ხოლო ეს ტერმინი უნდა ჩანაცვლებულიყო „შეზღუდვით.“
“შემოიტანეთ ამ დათქმებით, რაზეც ვართ შეთანხმებულები და დავუჭერთ მხარს. მეორე მოსმენის საკითხი არ არის, აკრძალვას ეხება თუ შეზღუდვას, თუ ამის გაკეთება გინდოდათ თავის დროზე გაგეკეთებინათ, სამომავლო თემას წინასწარ როგორ უნდა ვუყაროთ კენჭი,” — განაცხადა მდინარაძემ.
ლევან გოგიჩაიშვილმა მაშინ კანონპროექტის ჩაგდება პირად ანგარიშწორებად მიიჩნია. ის მმართველ გუნდს ურჩევდა ცვლილებისთვის მხარი პირველ მოსმენაზე მაინც დაეჭირათ, ტერმინთა ჩანაცვლება კი მეორე მოსმენამდე იქნებოდა შესაძლებელი.
აზარტული თამაშების რეკლამირების რეგულირებაზე ამ მოწვევის პარლამენტმა ერთხელ უკვე სცადა. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ თითქმის ერთ წლიანი პაუზის შემდგ, ამა წლის თებერვალში ამ თემის კიდევ ერთხელ გააქტიურება დააანონსა. მან პარლამენტში ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისას 2020 წლის პრიორიტეტებს შორის სწორედ აზარტული თამაშების რეკლამის შეზღუდვა და თამაშდამოკიდებულებისგან ბავშვების დაცვა დაასახელა.
„ჩვენი პრიორიტეტი იქნება აზარტული თამაშების რეკლამის შესახებ ცვლილებები, რომელიც უკეთ დაიცავს ბავშვებსა და ახალგაზრდებს აზარტული თამაშების ზეგავლენისგან. შეზღუდავს აზარტულ თამაშებზე დაშვებას ასაკობრივად, ხოლო თამაშდამოკიდებულ პირებსა და მათ ოჯახებს ამ პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება,“ – განაცხადა თალაკვაძემ.
ამ ეტაპზე ძნელად პროგნოზირებადია, რამდენად მოახერხებს საქართველოს პარლამენტი კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიური მდგომარეობის ფონზე გაცხადებული პრიორიტეტების შესრულებას.
სტატიის მომდევნო ნაწილში ვრცლად ვისაუბრებთ, თუ რა პრობლემას წარმოადგენს აზარტული თამაშების უკონტროლო რეკლამირება და რა პრაქტიკა არსებობს განვითარებულ მსოფლიოში მის რეგულირებასთან დაკავშირებით.
სამოქალაქო ინიციატივები აზარტული თამაშების წინააღდეგ
აზარტული თამაშების წინააღმდეგ კამპანიას ბოლო დროს არაერთი სამოქალაქო გამოხმაურება მოჰყვა. სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია და სამოქალაქო აქტივისტები ერთხმად ითხოვენ თამაშდამოკიდებული ადამიანების დასაცავად სახელმწიფომ რეკლამებზე რეგულაციები დააწესოს.
ჩვენ ვესაუბრეთ ერთ-ერთ აქტივისტსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს თამარ ჯაფარიძეს, რომელიც ხელმძღვანელობს მოძრაობას „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ . ის ბოლო პერიოდში ორგანიზებული კამპანიების ერთ-ერთი ავტორია.[N1] მან ჯერ კიდევ 2017 წელს დააფუძნა აღნიშნული მოძრაობა და ღიად ალაპარაკდა ლუდომანიის პრობლემაზე. ჯაფარიძისა და მისი თანამოაზრეების მიერ იყო დაგეგმილი აქცია მთავრობის კანცელარიასთანაც გასული წლის ნოემბერში, როდესაც თამაშდამოკიდებულების გამო საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ სამოქალაქო აქტიურობა გამოძახილია ჩვენს ქვეყანაში შექმნილი უკონტროლო სიტუაციისა, რაც აზარტული თამაშების რეკლამირების თარეშში გამოიხატება. მისი თქმით, ონლაინ ტოტალიზატორებსა და კაზინოებს ჩვენი მოქალაქეების ძალიან დიდი რაოდენობის გონება მთლიანად აქვს დაპყრობილი, აზარტული თამაშების რეკლამირების შეზღუდვა კი სწორედ მთავრობის მოვალეობაა.
„ნორმალურ ქვეყანას უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ ეს ბიზნესი მოაქციას რეგულაციებში. აზარტული თამაშების რეკლამა, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში დათარეშობს, აუცილებლად უნდა შეიზღუდოს ცივილიზებული ფორმებით. ამაზე მხოლოდ საზოგადოება კი არა, მთავრობა უნდა ზრუნავდეს,“ – განაცხადა ჩვენთან საუბარში თამარ ჯაფარიძემ.
სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი იხსენებს, რომ 2012 წელს დღევანდელი მმართველი გუნდი ხელისუფლებაში აზარტული თამაშების შეზღუდვის დაპირებით მოვიდა, რეალურად კი დაპირება დაპირებად დარჩა და შედეგიც საპირისპირო დადგა. მისი თქმით, თუ 2012 წლამდე ქვეყანაში 300 სათამაშო ობიექტი იყო, დღევანდელი მონაცემებით მათი რიცხვი 1000-მდეა.[N2]
‘’საქართველოს სტატისტიკის ბიზნეს რეგისტირის“ მონაცემებით, საქართველოში 2020 წლის აპრილის მდგომარებით, აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობას 962 სუბიექტი ეწევა.
როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, სამოქალაქო ჩართულობა გადამწვეტია აზარტული თამაშების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში, ვინაიდან სახელმწიფომ სათამაშო ბიზნესი დღეს ქვეყანაში გახადა ტრენდული. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ უმოქმედობის გამო თამაში მოდაშია. [N3] [u4] [u5]
„ჩვენ ვითხოვთ აზარტულ თამაშებთან წვდომა მაქსიმალურად შეეზღუდოთ მოზარდებს. დღეს საქართველოში მილიონ ორასიათასი ადამიანი თამაშობს. ყოველ ნახევარ საათში იხსნება 3000 ექაუნთი ონლაინ კაზინოში. ჩვენ უკვე დავდექით იმ მწარე რეალობის წინაშე რომ აზარტულმა თამაშებმა შეიძლება დაღუპოს ერი. ხელისუფლება თუ ისევ ასეთ პოლიტიკას გააგრძელებს, და როგორც ჩანს, კვლავ ამას აპირებს, ჩათვალეთ აღარაფერი გვეშველება,“ – ამბობს ჯაფარიძე.
თამარ ჯაფარიძე სამოქალაქო აქტიურობის უპრეცედენტო მაგალითს უწოდებს ონლაინ პეტიციას, რომელიც სათამაშობი ბიზნესისთვის რეკლამის შეზღუდვის მოთხოვნით ანა დოლიძის მიერ გასული წლის ნოემბერში შეიქმნა და 2 კვირაში 10 ათასი ხელმოწერა შეაგროვა. რესპონდენტის თქმით, ეს ფაქტი ნათლად აჩვენებს საზოგადოების სურვილს, რომელსაც ხელისუფლება აუცილებლად უნდა დაემორჩილოს და სათამაშო ბიზნესის უკონტროლო რეკლამა დაარეგულიროს.
საერთაშორისო პრაქტიკა
აზარტული თამაშების რეკლამირების კონტროლთან დაკავშირებით ბევრი განვითარებული და განვითარებადი ქვეყანა ცდილობს ნელ-ნელა შემოიღოს რეგულაციები. ამ დროისთვის სათამაშო ბიზნესის წვდომა სატელევიზიო, ინტერნეტ თუ გარე რეკლამაზე ევროპის რუკაზე არსებულ 6 ქვეყანაში უკვე სრულადაა აკრძალული. ესენია: აზერბაიჯანი, უკრაინა, ლატვია, კოსოვო, ალბანეთი და მოლდოვა. კიდევ 21 ევროპულ სახელმწიფოში კი აზარტული თამაშების რეკლამაზე ნაწილობრივი შეზღუდვები მოქმედებს. ევროპის კონტინენტზე ამ დროისთვის 15 ქვეყანა რჩება ისეთი, სადაც რეგულაციები ამ მხრივ საერთოდ არ არის, თუმცა საქართველოს მსგავსად, რამდენიმე მათგანშიც, მაგალითად ესპანეთსა და შვედეთში აქტიურად მსჯელობენ ცვლილებებზე.
მაგალითად, სომხური მედიის ცნობით, ჩვენ მეზობელ ქვეყანაში აზარტული თამაშების რეკლამირების წინააღმდეგ ბრძოლა 2015 წელს დაიწყო. თავდაპირველად შეზღუდვები რეკლამებზე დაწესდა ინტერნეტ სივრცისთვის, ხოლო 2019 წლის 19 ივნისს ძალაში შევიდა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც მსგავსი ტიპის რეკლამები მკაცრად შეიზღუდა ყველა სახის სომხურ მედია საშუალებებში. მათ უფლება აქვთ სათამაშო ბიზნესის რეკლამა ტელევიზიით აჩვენონ მხოლოდ ღამის ეთერში, 22 საათიდან დილის 7 საათამდე. ამ შემთხვევაშიც, ლიმიტირებულია ქრონომეტრაჟი. მსგავსს კომერციულ ჭრებს თითოეულ არხზე მხოლოდ სამი წუთი შეიძლება დაეთმოს.[N6]
აზარტული თამაშების რეკლამა მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულად არის აკრძალული ალბანეთში. 2019 წელს მიღებული კანონის თანახმად ქვეყანაში აკრძალულია წერილობითი, ელექტრონული ან აუდიოვიზუალური ფორმით თამაშების რეკლამირება. ტელეარხებს ეკრძალებათ სპორტული მატჩების დროს სათამაშო ბიზნესის სასპონსორო ტიხრების ეთერში განთავსება. აზარტული თამაშების კომპანიებს მხოლოდ პრესრელიზების გავრცელების უფლება აქვთ. გარდა ამისა, ქვეყანაში სრულად არალეგალურია ონლაინ კანიზოები.
ევროპული პრაქტიკის თვალსაჩინო მაგალითია დიდი ბრიტანეთი, ვინაიდან, ოფიციალური პირების განმარტებით, აქ რეკლამები სწორედ თამაშზე დამოკიდებული ადამიანების დასახმარებლად შეიზღუდა. ინფორმაცია გადამოწმებულია ბრიტანეთში სარეკლამო სტანდარტებზე მომუშავე სააგენტოს ვებ-გვერდზე (ASA).
ბრიტანული შეზღუდვები ასე გამოიყურება:
• იკრძალება აზარტული თამაშების რეკლამისას გამოყენებული იყოს ისეთი შინაარსი, რომელიც დამოკიდებულებას გააჩენს, ან თამაშდამოკიდებულ ადამიანებზე იმოქმედებს;
• კომპანიებმა თავი უნდა აარიდონ დამოკიდებული მოთამაშეების სისუსტეების გამოყენებას. რეკლამაში არ უნდა ახსენონ ფრაზები, რაც მიუთითებს რისკის არარსებობასა და უფასო ფსონებზე;
• რეკლამები არ უნდა მოუწოდებდეს თამაშს ბავშვებსა და მოზარდებს;
• რეკლამაში აკრძალულია ფრაზის – “გააკეთე ფსონი ახლავე,” გამოყენება.[N7]
აზარტული თამაშები და პრობლები, რომელსაც ის იწვევს
როგორ ყალიბდება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, ამ კითხვით მივმართეთ ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძეს, მისი თქმით პირველი სიმპტომი არის თამაშის დაუძლეველი სურვილი, რომლის შეკავება დღითიდღე რთულდება, რასაც მოსდევს დამალვა, როცა მოთამაშე აღარ უმხელს ახლობლებს, რომ თამაშობს. “კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიმპტომია, როდესაც თამაში გადაიქცევა რუტინად, თამაშსა და თამაშს შორის ინტერვალები იკლებს, ხდება მძაფრი განცდების სწრაფი მონაცვლეობა. შემდეგ ტვინის სრულ იფიტება, თამაშს აღარც სიხარული მოაქვს,აღარც წაგების გამო დარდი. მკურნალობასაც მეტი დრო და რესურსი სჭირდება. ხშირად კი მედიკამენტური ჩარევაც ხდება აუცილებელი.’’
ფსიქოლოგის თქმით ლუდომანი ადამიანებისთვის აზარტული თამაშების უკონტროლო რეკლამა უდიდესი ცდუნებაა. განსაკუთრების აგრესიული კი ონლაინ რეკლამაა „ერთი თვეა, გარე რეკლამები შეიზღუდა, მაგრამ მთავარი ცდუნება სახლიდან გაუსვლელად თამაშია. მოზარდები ახერხებენ დარეგისტრირებას ყალბი აიდიებით,ოჯახის ზრდასრული წევრების საკრედიტო ბარათებით, პირადი ნომრებით და ა.შ. კონტროლისთვის აუცილებელია ყველა მხარე იყოს ჩართული: სახელმწიფომ გაატაროს ადეკვატური პოლიტიკა, მშობელმა არ მოადუნოს სიფხიზლე“.
თამაშზე დამოკიდებულთა სტატისტიკა დღითი დღე იზრდება. აზარტულ თამაშზე ხელმისაწვდომობა, აქვთ არასრულწლოვნებსაც. საფრთხე კი მათთვის გაცილებით დიდია, როგორც ნათია ფანჯიკიძე ამბობს მოზარდის ტვინი ბევრად სწრაფად და შეუქცევადად ზიანდება. დროთა განმავლობაში ტვინის ლიმბური სისტემა იცვლება“პაციენტების დიდი ნაწილი იხსენებს, რომ პირველად ითამაშა 6 წლის ასაკში, 10 წლის ასაკში… პირველი ბილეთი შეავსეს მოზარდობამდეც კი და ეს უკვე აშკარად მშობლის პასუხისმგებლობაა, რადგან მცირეწლოვანი ბავშვი თავისით ვერ მოახერხებდა ტოტალიზატორის აღმოჩენას”
ფანჯიკიძე საკუთარი გამოცდილებით გვეუბნება, რომ თამაშზე დამოკიდებულება ექვემდებარება თერაპიას, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი „კამარა“ ანათინა მიშერის ფსიქოთერაპიული სქემით ხემძღვანელობს. “კამარაში დამოკიდებულებით დაავადებებთან ვმუშაობთ ინტეგრირებული მეთოდით. ამერიკელი ფსიქიატრის, ანათინა მიშერის ფსიქოთერაპიული სქემით და გვაქვს 65-70% შემთხვევაში დადებითი შედეგი, რაც დამოკიდებულებით დაავადებებში ძალიან მაღალი შედეგია.“
საზღვარგარეთ კაზინოებს აქვთ ვალდებულება დააფინანსონ რეაბილიტაციის ცენტრები და სოციალური პროგრამები. საქართველოში ლუდომანი ადამიანების დასახმარებლად, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი „კამარა“ და „ევროპაბეთი“ გახდნენ პარტნიორები,ისინი ეხამრებიან აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირებს, რომელთაც მკურნალობის შესაძლებლობა არ აქვთ.“ჩვენთან ასეთი სავალდებულო კანონი არ არსებობს. პირველი ნაბიჯი გადადგა ევროპაბეთმა, რომელმაც „responsible.ge” – პასუხისმგებლიანი ბიზნესის პოლიტიკის ფარგლებში გამოთქვა სურვილი, გადაუხადოს მკურნალობის თანხა ადამიანებს, რომელთაც მკურნალობის შესაძლებლობა არ აქვთ. პაციენტების პირველი ჯგუფები მივიღეთ მარტში. ამჯერად ვემსახურებით 36 პაციენტს.“
[N1]აქ რომელიმე კამპანია რომ გაახსენოთ მკითხველს კარგი იქნება უფრო ნათლად მიხვდებიან რა კამპანიებზეა საუბარი. ერთი წინადადება მიმატეთ სადაც ასე იტყვით – მაგალითად, მის იორგანიზებით გაიმართა მიმდინარე წლის დასაწყში კამპანია ესა და ეს
[ასეთ ნიუანსებს მიაქციეთ ხოლმე ყურადღება, ძალიან მნიშვნელოვანია მკითხველს თუ მაყურებელს მაქსიმალურად კონკრეტული ინფორმაციის მიწოდებით დავეხმაროთ სწრაფად მიხვდეს ვის უსმენს, რა გაუკეთებია და რა კამპანიებზეა საუბარი. ზოგადი საუბარი არ უყვარს მკითხველს, დეტალიზაცია ყოველთვის უფრო საინტერესოს და დამაჯერებელს ხდის მასალას წასაკითხად]
[N2]ამ ციფრის გადამოწმება ჩვენ არ შეგვიძლია ? აქვე შეგვეძლო გაგვხსნა ბრჭყალი და მიგვეწერა, რომ ოფიციალური მონაცემი ასეთია.
[N3]ცოტა გაზვიადებული მგონია ეს შეფასებები. თამაში ტრენდული იყო ყველა ხელისუფლების პირობებში. აქ საჭირო იყო კითხვის შებრუნება სადაც რესპოდენტეს უნდა დაეზუსტებინა რატომ ფიქრობს, რომ ეს ბიზნესი უფრო ტრენდული გახდა ქართული ოცნების პირობებში. რა აძლევს ამის თქმით, საფუძველს. ჩვენ ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ რესპოდენტისგან ზუსტი ინფორმაცია ამოვიღოთ. როცა მისი განცხადება ზოგადია და არა კონკრეტული კითხვების შებრუნებით უნდა ვცადოთ ზუსტი და თვალსაჩინო მაგალითების ამოღებას.
[u4]ჩვენ ყველანაირად ვეცადეთ თამარ ჯაფარიძისგან კონკრეტული პასუხები მიგვეღო, თუმცა რაღაც შემთხვევებში ეს შეუძლებელი გახდა. შეფასება, რომელიც მან ბოლოს გააკეთა დავტოვეთ ორი მიზეზის გამო 1) ის კონკრეტულ მონაცემებზე საუბრობს, ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში სათამაშო ობიექტების გაზრდასთან დაკავშრებით,რის საფუძველზეც, ვარაუდობს, რომ თამაში ახლა „მოდაშია“ და 2)ქვედა ციტატაში ის ამბობს, რომ ხელისუფლება არ ატარებს არცერთ ღონისძიებას, რეკლამირების რეგულირებისთვის.
საკმაოდ ემოციური რესპოდენტია და ამ ემოციებში ჩვენც ავიხლართეს,კარგად ვერ გავყევით. აუცილებლად გავითვალისწინებთ შემდეგი სტატიისთვის ☹
[u5]
[N6]თუ შეიძ₾ება მიუთითეთ საიდან ფლობთ ამ ინფორმაციას.
[N7]ეს ქვეთავი ცოტა უცნაურად გამოიყურება. ვსაუბრობთ საერთაშორისო გამოცდილებაზე და მხოლოდ ორი ქვეყნის მაგალითია. იქნებ მოიძიოთ და მგონია რომ იქნება ხელმისაწვდომია იმ ქვეყნების სია სადაც შეზღდულია და სადაც დაშვებულია. ამ ინფორმაციის მოძიების შემთხვევაში ქვეთავის დასაწყიში ჯერ ახსენებდით მსოფლიოში საერთო რაოდენობას იმ ქვეყნებისას, სადაც აკრძალულია და იმ ქვეყნებს სადაც შეზღულია და მერე ამ ორი მაგალითის მოყვანა უფრო გამართლებულია და სწორი იქნება. პ.ს. ორივე მაგალითზე წყაროები დამაკლდა.
სად ამოიკითხეთ რომ ამ ღონისძიებებს ატარებს ეს ორი ქვეყანა. გთხოვთ< მიუთითეთ.